ჩვენ შესახებ

ჩვენ წავალთ, ვარსკვლავებს გავცდებით,
თუმც, წასვლა ძალიან ძნელია,
მე მელის, შენ გელის, მას ელის
დიდი გზა, ღმერთები გველიან…

მორის ფოცხიშვილი


ინებივრე… ყველაფერი კი თავიდან იწყება.

ჩვენც დავიწყეთ თავიდან – გვიყვარს სიმშვიდე და რუდუნება. ლამაზი და ფუმფულა, ბუნებრივი ქსოვილით, სუფთად ნაკერი თეთრეული გვატკბობს, მოაქვს სიმსუბუქე და ნეტარება. ეს არის, რაც გვიყვარს.  

არ გვიყვარს ნაჩქარევად გაკერილი ხაზები, უხეში დასრულებები, ბალიშის პირი, რომელიც თავად პირდაღებულია, საბნის პირი, რომელშიც საბანს ძლივს ვტენით, ზეწარი, რომელიც საწოლს არ ყოფნის…

გვინდა იყოს ის, რაც გვიყვარს. ეს არის ნანაოს თავი და ასე დავიწყეთ თავიდან, საკუთარი თავიდან… მერე – საკერავი მანქანა, უთო, საჭრელი დაფა, მაკრატელი, ქინძისთავი, ათასი მცირე და დიდი დეტალი… ქსოვილები – უმაღლესი ხარისხის ბამბა, საკერავი ძაფები… ავაწყვეთ პატარა საწარმო, ზუსტად ისეთი, როგორიც გვიყვარს – კოპწია და სუფთა – რომ შევქმნათ ისეთი თეთრეული, როგორიც გვიყვარს.

და თუ შენთვისაც, მშვიდი მოსვნება სიმყუდროვეს, კომფორტსა და სილამაზეს ერთად, უკავშირდება, თუ ნატიფად ნაკერი, სუფთა ბამბის თეთრეული, შენს განწყობას ქმნის,

ინებივრე, – ნანაო აქ შენთვისაა!

ყველაფერი კი იწყება შენიდან, შენი თავიდან, შენი გულიდან, სიყვარულიდან.